კვარაცხელიამ ანჩელოტის შექებისთვის მადლობა გადაუხადა - ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, მწვერვალზე ასვლა მსურს #1TVSPORT
„აი, ლურჯი სამყაროს მოულოდნელი ოცნება – გავიცანით ჩვენი ჩემპიონატის ახალი ვარსკვლავი, ბიჭი, რომელიც ქალაქს თავს აყვარებს და სიამაყით ავსებს მის საქართველოს“, – ასე წარადგენს Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.
„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა კარიერაზე, „რეალზე“, კრიშტიანუ რონალდოზე, კარლო ანჩელოტის კი მადლობა გადაუხადა.
გვარზე
„ნეაპოლელებმა გააუმჯობესეს გამოთქმა, ახლა უკეთესად ამბობენ. ჟურნალისტები და ტელეკომენტატორებიც უკეთ წარმოთქვამენ. ამ კუთხით, 1-დან 10-მდე სისტემით გვარის წარმოთქმის სიზუსტეს 6 ქულით შევაფასებდი. რაც ამ ეტაპისთვის საკმარისია.
„ნაპოლიზე“
„მარტივად ვიტყოდი – ანალოგიურ სისტემაში გუნდს 10 ქულას ვუწერ. ეს არის ძალიან ძლიერი, ძალიან კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი. თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე ვინმე ფიქრობს. ჩემთვის ყოველი ტიტული, ყოველი გამარჯვება ოცნებაა – როგორც ამსტერდამში, ასევე „სტადიო მარადონაზე“, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. „ნაპოლი“ არის ძალიან ერთსულოვანი ოჯახი, სადაც ყველა ბევრს მუშაობს და წინ იყურება. ამიტომაც არის ძალიან ძლიერი გუნდი“.
კვარამანიაზე
„სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ასე ფიქრობს ყველა ან უმრავლესობა. სწორედ ამიტომ, როცა ვთამაშობ, ბოლომდე ვიხარჯები, ას პროცენტზე, მაქსიმუმზე მეტადაც“.
კვარადონა თუ კვარავაჯო?
„მე ამაზე არ ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო, რადგან ეს შეუძლებელია: მარადონა ძალიან დიდია, ძალიან დიდი. ჩემი ზედმეტსახელიც კარგია – კვარა“.
სპალეტიზე
„ის მართლაც დიდი და ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელია. მიყურებს გვერდიდან და მეუბნება, რას ვაკეთებ სწორად და რას არასწორად. ის მაიძულებს გავაუმჯობესო ბევრი რამ – ნამდვილი მასწავლებელია“.
ჩემი და გუნდის მიზნები
„ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ გავხდე უკეთესი ადამიანი და მინდა კიდევ უფრო კარგად ვითამაშო, რადგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ერთი რამ ცხადია – მსურს მწვერვალზე ასვლა“.
გუნდის მიზანი კი, რა თქმა უნდა, სკუდეტოა, რაც დიდი ოცნებაა – ასევე ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში გადასვლა, მაგრამ საზღვრები არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ. ჩემპიონობა თუ ლიგა? რატომ უნდა ავირჩიო – ორივე მინდა“.
ანჩელოტის კომენტარზე
„მისი სიტყვების წაკითხვა ძალიან დიდი ემოცია იყო და უზომოდ გამაბედნიერა. გულით ვუხდი ამისთვის მადლობას“.
შედარება ჯორჯ ბესტთან
„ასეთ რაღაცეებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და, ყველაფერთან ერთად, ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია ამ დონის მიღწევა. მე მინდა, ჩემს დონეს მივაღწიო და ვმუშაობ საკუთარი თავზე, რომ ვიყო კვარა“.
კრიშტიანო რონალდოზე
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი სიყვარული იყო გუტი მადრიდის „რეალიდან“. როცა მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი თბილისში, ჩემს ქალაქში, თეთრი მაისურები გვეცვა და ზურგზე მისი სახელი გვეწერა“.
ოჯახი
„თითქმის ყოველთვის ჩემთან ერთად არიან მშობლები და ჩემი ორი ძმა – ერთი უფროსი და ერთი უმცროსი, თორმეტი წლის. საქართველოშიც თამაშობს და მართლა ძალიან კარგია. თორნიკე „ნაპოლიში“? რატომაც არა. ჩემი საცოლე?ამ წუთში საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან ჩამოდის, ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს“.
ლოჩოშვილზე
„ჩვენ ვმეგობრობთ, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, დავიწყეთ „დინამო თბილისიდან“, ახლა კი ნაკრებში ერთად ვართ. ძალიან მიხარია მისი ნახვა“.
ნეაპოლზე
„მე ვცხოვრობ სპორტული ცენტრის გვერდით და ათას ვალდებულებას შორის ჯერ არ მქონდა დრო, რომ ქალაქი კარგად დამეთვალიერებინა, მაგრამ რაც ვნახე, ძალიან მომწონს. სტუმართმოყვარე ქალაქია და სიყვარულით გავსებს. და ზოგადად, გულშემატკივრები და ხალხი არაჩვეულებრივია. ყველაფერი ისეა, როგორც მითხრეს. აქ ძალიან კარგი სამზარეულია. ყოველთვის მიყვარდა „პასტა“, ჩემს ქვეყანაშიც, რადგან ეს ჩემთვის იდეალური საკვებია“.