კვარაცხელია თუ ასე გააგრძელებს, დიდ კლუბში მოხვდება - სანიოლმა გამარჯვებაზე ემოციურად ისაუბრა #1TVSPORT
შვედეთის ნაკრებთან სენსაციური გამარჯვება და საქართველოს ნაკრების განვლილი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.
საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა დაიწყო შვედი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხით – „გქონდათ თუ არა გუნდთან კონტაქტი მატჩის მიმდინარეობისას, თქვენს ასისტენტს ყურსასმენი ეკეთა?“
– დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნაზე ვიყავი. მაგრამ გუნდთან კომუნიკაცია არ გამიჭირდა, რადგან დიდი ხმა მაქვს, ჩემს ასისტენს კი ყურსასმენი იმიტომ ეკეთა, რომ 15 წლის წინ „გლაზგო რეინჯერსში“ თამაშობდა და საოპერო მუსიკას იქ მიეჩვია.
– ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ იყო. თუმცა ჩვენგან სრული ნდობა აქვს და საქართველოში ყველას უყვარს. გირჩევთ, მის ტრანსფერზე ნაკლები ილაპარაკოთ და თამაში აცადოთ და თუ ასე გააგრძელებს თამაშს, დიდ კლუბში აუცილებლად მოხვდება.
– კაკაბაძე კოსოვოსთანაც და დღესაც კარგი იყო და გუნდს მოგებაში დაეხმარა. კაშიაზე კი ბევრი შეიძლება ვთქვა, თუმცა ახლა კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ გურამი შესანიშნავი ფეხბურთელია.
– შვედეთს ესპანეთთან და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. დიდი ხანია, ეს გუნდი მსგავს ფეხბურთს თამაშობს, განსხვავება მაშინაა, როდესაც მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია. არ ვამბობთ, რომ შვედეთზე ძლიერი გუნდი გვყავს. ვიცით, რომ მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ამიტომ, გამარჯვება ძალიან გვიხარია. მაგრამ პირველ თამაშში შვედეთს გაუმართლა, რადგან სტოკჰოლმში წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით.
– მთავარია, მივაღწიოთ სტაბილურობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. იმედი მაქვს, რომ ჩემს განკარგულებაში ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა იქნება და ბევრ წარმატებას მივაღწევთ.
– ბათუმელ გულშემატკივრებს კი დიდი მადლობა, რადგან ტრიბუნაზე შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნეს და გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულეს. თუმცა, ესპანეთთან თბილისში და დღეს ბათუმში ერთნაირად შესანიშნავი ატმოსფერო იყო.
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთი 2:0 დაამარცხეს და ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს.