კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია - ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით გავიდა.
გამოკითხვაში სულ 81 ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ შორის პირველად იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვლადიმერ გუცაევი, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანია.
„ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. მე და ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
გამარჯვებულს „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ მიულოცა:
„ჩვენ არ გვქონია ბედნიერება, რომ საქართველოს ნაკრების სახელით გვეთამაშა. ძალიან დიდი პატივია შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდე. ხვიჩა, იმედია, ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაღწევ და ტრავმები არ შეგაწუხებს. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი ხარ და იმედია, მომავალში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდები“.