კვარაცხელია ქართველების წინააღმდეგ - „რუბინმა“ „როტორი“ დაამარცხა
კვარაცხელია ქართველების წინააღმდეგ - „რუბინმა“ „როტორი“ დაამარცხა

თურქულ შეკერბაზე ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში ორი ისეთი გუნდი შეხვდა, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. ვოლგოგრადის „როტორი“ ყაზანის „რუბინს“ შეხვდა და მატჩი ყაზანელთა დამაჯერებელი გამარჯევბით დასრულდა.

როტორის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, 39-ე წუთზე კი საბა კვირკველია შეცვლაზე შევიდა. ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია იყო. ქართველებმა გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხეს.

ბელეკის სპორტულ ცენტრ Bellis Deluxe-ში გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარი კი „რუბინმა“ მეტოქეზე ბევრად უკეთესად ჩაატარა და 3:0 მოიგო. პირველი გოლი 51-ე წუთზე ვოლგოგრადელთა მცველმა ოლეგ კოჟემიაკინმა საკუთარ კარში ჩაჭრა, მეორე 76-ე წუთზე დენის მაკაროვმა გაიტანა, ხოლო მესამედ მეტოქის კარი ოლივერ აბილდგორმა 85-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.