კვარაცხელია იტალიური გრანდების სამიზნეში - ქართველით „იუვენტუსი“ და „მილანი“ დაინტერესდნენ
იტალიური ფეხბურთის გრანდები, „მილანი“ და ტურინის „იუვენტუსი” საქართველოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდებიან – საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია საფეხბურთო მენეჯერისგან შეიტყო.
„დეკემბერში დამიკავშირდა იტალიელი პარტნიორი და მითხრა, რომ ხვიჩას გრანდები, „მილანი“ და „იუვენტუსი“ აკვირდებიან, რომ მის კლუბთან, ყაზანის „რუბინთან“ დაკავშირება და მოლაპარაკება სურთ, საამისოდ კი აუცილებელია, რომ კლუბს ავტორიზებული მენეჯერი ჰყავდეს. მეტს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მათ ინტერესი გააჩნიათ. მთავარია, ყაზანური კლუბი რა პოზიციას დაიკავებს“, – ამბობს მენეჯერი.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელის მენეჯერი მამუკა ჯუღელია, რომელიც დიდი ხანია რუსეთის ბაზარზე მუშაობს – მისი კლიენტები არიან საქართველოს ნაკრების ბევრი მოთამაშე – საბა კვირკველია, ჯაბა კანკავა, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე, ჯანო ანანიძე, ნიკა კაჭარავა. იტალიელები ითხოვენ, რომ მან ოფიციალური სტატუსით დაიწყოს მოლაპარაკება, ჯუღელი კი ამ სტატუსს არ ფლობს – ის ვოლგოგრადის „როტორის“ დაკომპლექტებაში აქტიურად მონაწილეობს, მაგრამ სტატუსი არ აქვს, ისევე როგორც ყაზანის „რუბინში”.
საინტერესოა, რომ საქართველოს პირველმა არხთან საუბრისას თავად კვარაცხელიამ იტალიელთა დაინტერესება არ უარყო, მაგრამ დაკონკრეტება არ ისურვა.
„ამ კლუბების ინტერესზე ვერაფერს გეტყვით. დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა მამუკა ჯუღელს აქვს, რომელიც არა მხოლოდ ჩემი აგენტი, არამედ, ოჯახის წევრია – მას ბოლომდე ვენდობი და საინტერესო წინადადებებსაც ერთად განვიხილავთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კვარაცხელიამ.
2020 წელს ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ და საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშე გახდა და ორივე ფრონტზე აღიარეს – რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო დრიბლიორი პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს, ზედიზედ სამჯერ (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო საქართველოს ნაკრების ფორმით – ერთა ლიგის C2 ჯგუფში – საუკეთესო ფეხბურთელად. გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრომდე ასწია.
სხვათა შორის, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 5 კლუბს უარი უთხრეს – „ტორინოს“, „სასუოლოს“, „ზალცბურგს“, „გენტს“ და „უდინეზეს“. ასეთ გუნდებს უარს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეუბნებიან – როდესაც მოთამაშეს გრანდები იწვევენ.