კვარაცხელია იტალიაში გოლით დაბრუნდა - ხვიჩამ „ტორინოს“ გაუტანა, „ნაპოლი“ ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მშვენიერი მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაუბრუნდა, „ტორინოსთან“ ითამაშა და იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა მე-6 წუთზე პირველი საგოლე შეტევა წამოიწყო. ხვიჩამ შეტევა მარცხენა ფლანგზე მარიო რუის გაუგრძელა, მან კარის წინ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. ანგისამ მე-12 წუთზე დუბლი შეასრულა – საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შევარდა, კვარაცხელიამ კი პენალტის ნიშულთან ყოფნით მცველს მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა და კამერუნელმა ნახევარმცველმა თავისუფლად დაარტყა – 2:0.
ხვიჩას პერსონალურად მეურვეობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ, მაგრამ 31-ე წუთზე მაინც გათავისუფლდა და კარის წინ პიოტრ ჟელინსკი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. კვარაცხელიას შანსი 37-ე წუთზე მიეცა და გოლადაც აქცია. ფლანგზე შეტევა ხვიჩას ჟელინსკიმ გაუგრძელა, ქართველმა თავდამსხმელმა მოედნის ცენტრიდან ირბინა, ორ მცველს გაექცა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა. ანტონიო სარაბრიამ 43-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და შესვენებამდე „ნაპოლიმ“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 3:1.
მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ გაცილებით ფრთხილად ჩაატარა და ხვიჩაც ნაკლებად ჩანდა, მე-80 წუთზე კი ელიფ ელმასმა შეცვალა. საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 3:1 გაიმარჯვა, 8 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და სერია ა-ს ლიდერია, გადაასწრო რა კონკურენტ „ატალანტას“ (17), რომელსაც ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა.