თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩოს ქმნის, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს წევრობის გზაზე საქართველოს მთავარი დაბრკოლება არის ის, რომ ნატო თავად არ არის იმ ეტაპზე, გაფართოებაზე იფიქროს საქართველოსა ან უკრაინისთვის წევრობის მინიჭებით. ამავე დროს, კურტ ვოლკერმა, რომელიც ასევე უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელია, აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის სამუშაო საქართველოს და უკრაინასაც აქვთ შესასრულებელი.
„მოდით, ვიყოთ გულწრფელი, ნატო-ს წევრობის გზაზე მთავარ დაბრკოლებას ის წარმოადგენს, რომ ნატო თავად არ არის იმ ეტაპზე, რომ იფიქროს გაფართოებაზე საქართველოსა ან უკრაინისთვის წევრობის მინიჭებით. ეს არის გრძელვადიანი ვალდებულება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე და ვფიქრობ, აშშ არის ამის ნაწილი, რადგან მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დემოკრატიად და უსაფრთხო ქვეყნად ჩამოყალიბებაში.
ამას გარდა, ვფიქრობ, საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა აჩვენოს, რომ ის არის მწიფე დემოკრატია და მწიფე ეკონომიკა, არის ინტეგრირებული დანარჩენ ევროპასთან. ვფიქრობ, ამ კუთხით მნიშვნელოვანია შავი ზღვის თანამშრომლობა. ასე რომ, სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელია, რომ შესაბამისი მომენტის დადგომისას საქართველო მზად იყოს. როდესაც ნატო იქნება მზად მოსაწვევად, ჩვენ წინ წავალთ“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
პირველი არხი ამერიკელ დიპლომატს ნატო-ს მოახლოებულ წვრთნებსა და რუსეთის მუქარაზეც ესაუბრა. კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის განცხადება უნდა შეფასდეს არა როგორც მუქარა, არამედ როგორც საქართველოს მოსახლეობის დაშინების მცდელობა.
„ამას რუსეთის მხრიდან მუქარად არ განვიხილავდი, თუმცა განვიხილავდი, როგორც საქართველოში პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების დაშინების მცდელობას. საქართველოს აქვს კარგი მიზეზი, დაიცვას საკუთარი თავი და იყოს ძლიერი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური კუთხით და იყოს ფიზიკურად დაცული. რა თქმა უნდა, რუსეთი უკვე დაესხა თავს საქართველოს და უკვე აკონტროლებს მისი ტერიტორიის 20 პროცენტს. ამიტომ, გონივრულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ნატო-სთან პარტნიორობის გაძლიერება უნდა.
აშკარაა, რომ რუსეთს ეს არ მოსწონს. არ ვფიქრობ, რომ ეს ახალ აგრესიას ნიშნავს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის აქაური მოსახლეობის დაშინების მცდელობა. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ ამ დაშინების ძალისხმევის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცნენ“, – განაცხადა „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ რუსეთი აუცილებლად ეცდება, გავლენა მოახდინოს როგორც უკრაინაში 31 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ისე საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
„რუსეთი ეცდება, მათზე გავლენა მოახდინოს ყველა ხელმისაწვდომი გზით. მათ შორის, ერთ-ერთია პროპაგანდის გზა. რუსეთის მაუწყებლობა მიმართულია კონკრეტული კანდიდატების ან კონკრეტული პოლიტიკური ხედვების განადგურებისკენ და სხვების გაძლიერებისკენ. ამისთვის გამოიყენება ყალბი ახალი ამბები, ყალბი ინფორმაცია, კიბერთავდასხმები, სადაზვერვო აქტივობა, ბიზნესგარიგებები, პარტიების დაფინანსება, კორუფცია – ყველა ეს გზა რუსეთისთვის ხელმისაწვდომია პოლიტიკურ განვითარებაზე გავლენის მოსახდენად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ასევე სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის დასავლეთში, აშშ-ში. ასე რომ, თქვენ ხედავთ რუსეთის ამ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და ასევე, უკრაინამ ყველაფერი გააკეთონ გამჭვირვალობისთვის და შეინარჩუნონ დემოკრატიული ინსტიტუტების ერთიანობა და ხარისხი.
ეს არ ეხება მხოლოდ არჩევნების დღეს და ხმების სწორად დათვლას, ეს ნიშნავს ღია და სამართლიან მედიაგარემოს, ღია და სამართლიან პოლიტიკურ გარემოს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელიც კანონის უზენაესობას ეფუძნება. ამ მხრივ, უკრაინაში ბევრი სამუშაოა, გარკვეული სამუშაო საქართველოსაც აქვს შესასრულებელი. ვფიქრობ, ქვეყნის საუკეთესო დაცვა რუსეთის ამ ძალისხმევისგან არის ამ სტანდარტების მიღწევა, დაცვა და შენარჩუნება“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ვოლკერმა საქართველოში ვიზიტისას პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საქართველოს როლზე.
„საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში უკიდურესად მნიშვნელოვანია. შავი ზღვის სამხრეთ და დასავლეთ სანაპიროებზე ჩვენ ნატო-ს სამი მოკავშირე გვყავს. ამავე რეგიონში ჩვენთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია – საქართველო და უკრაინა. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ფიქრი ამ რეგიონის შესაძლებლობაზე, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, უფრო მეტი კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობაზე ვაჭრობის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობით, რეგიონის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალის გამოყენებით. ამისთვის, ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების გაძლიერება.
ეს რეგიონი იძლევა, როგორც შიგნით ნატო-ს მოკავშირეებს შორის, ისე პარტნიორ ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. აშშ ამ თანამშრომლობას მხარს უჭერს. ცოტა ხნის წინ, უკრაინაში ამერიკული გემი ჩავიდა, რამდენიმე კვირის წინ ეს ხომალდი საქართველოშიც იმყოფებოდა. ვფიქრობ, რომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს აქტივობის ტემპი იზრდება და უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობის ძალისხმევა რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული, უსაფრთხო სივრცის შექმნას“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
პირველი არხი ასევე დაინტერესდა თანამშრომლობის შეთანხმებით, რომლის გაფორმებაც იგეგმება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„არ ვარ ჩახედული შეთანხმების დეტალებში, თუმცა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩოს ქმნის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ჩვენ უკვე ვიხილეთ ერთობლივი წვრთნების გაზრდილი ტემპი, საქართველომ ჩვენგან შეიძინა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, არსებობს თავდაცვითი შესყიდვების უფრო დიდი პოტენციალი, არის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის გაძლიერების პოტენციალი. ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება თავდაცვის სფეროში უკვე მიმდინარე თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნის“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ამერიკელმა დიპლომატმა დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა. პროექტი თავდაცვის ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს. ასევე რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანხის გამოყოფაა გათვალისწინებული.
„დაველოდოთ აშშ-ში პროცესის დასრულებას, რადგან პრეზიდენტის მიერ ბიუჯეტის წარდგენა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ძალიან ხანგრძლივ და რთულ პროცესში, ვიდრე ბიუჯეტს დაამტკიცებენ. ზოგჯერ ჩვენ ვერც ვამტკიცებთ ბიუჯეტს. ასე რომ, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იქნება ამ პროცესის შედეგები. თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი პრეზიდენტისგან, რომ ის ცდილობს, დაიცვას თავდაცვის ხარჯები შემცირებისგან. მან იცის, ჩვენ დიდი დეფიციტი გვაქვს და ხარჯები უნდა შევამციროთ, თუმცა ის თავდაცვის ხარჯების დაცვას ცდილობს. ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება მსოფლიოში აშშ-ის ლიდერობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის შესახებ და ვფიქრობ, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ეს ასევე უნდა განიხილებოდეს, როგორც მნიშვნელოვანი სიგნალი ამ რთული პროცესის დასაწყისშიც კი“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.