კურტ უოლკერი რუსეთთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას პრინციპების ღალატად აფასებს
უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი რუსეთთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროსაბჭომ საკუთარ პრინციპებს უღალატა.
„სამწუხაროა, რომ ევროსაბჭო უარს ამბობს საკუთარ პრინციპებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან მიმართებით“, – წერს უოლკერი „ტვიტერში“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118-მა წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა.
სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.
რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.