„კუპსის“ მწვრთნელი - „დილასთან“ ყველაზე „ცხელი“ წუთები გორში გველის #1TVSPORT
„კუპსის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმო ვალაკარიმ გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის პირველი მატჩის მოგების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ არ გაკვირვებია აგრესიული თამაში გორის „დილასგან“, რომელიც მთელი 90 წუთი ცდილობდა მასპინძელთა კარის აღებას.
„მათ თამაშში სიურპრიზები არ ყოფილა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი სკაუტების ჯგუფს. ვიცოდით, რომ ვხვდებოდით სწრაფ გუნდს, რომელიც კარგი კონტრშეტევებით გამოირჩევა. მაგრამ დაიწყო მატჩი და ჩვენი თამაში უფრო და უფრო გაუმჯობესდა. თუმცა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ორმატჩიანი რაუნდია და როგორც ჩანს, ყველაზე ცხელი წუთები წინ გველის”, – ამბობს „კუპსის“ მწვრთნელი.
ამავე დროს, ვალაკარი აღიარებს, რომ საქართველოში ორბურთიანი უპირატესობით წასვლა „კუპსს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შესანიშნავ შანსს აძლევს.
„რა თქმა უნდა, 2:0 უპირატესობით საქართველოში წასვლა უფრო ადვილია. ახლა მათზე ზეწოლა იქნება. დღესაც, მატჩის მიწურულს, აშკარა იყო, რომ ქართველების ემოციები დუღილს იწყებდა, საშინაო მატჩში კი მათ გულშემატკივარი შემდეგ ეტაპზე გასვლის გარდა სხვას არაფერს მოსთხოვს. ჩვენთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საკუთარი თამაში ვაჩვენოთ და ამით ვისიამოვნოთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, თავი კარგად დავიცვათ და მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები. შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას მხოლოდ ამ გზით მოვიპოვებთ“.
გუნდი „ლაჰტთან“ კვირას ფინეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვან საშინაო მატჩს გამართავს.
„ახლა მთლიანად კონცენტრირებულები ვართ „ლაჰტთან“ მატჩზე და ვფიქრობთ, გუნდი ამ მატჩისთვის საუკეთესოდ როგორ მოვამზადოთ. ჩვენ არც ერთი წუთით მანამდე არ ვიფიქრებთ ევროპულ თამაშზე მომავალ ხუთშაბათამდე, ახლა მთელ აქცენტს „ლაჰტის“ მატჩზე გადავიტანთ“.
ფინურმა „კუპსმა“ („კუოპიო პალოსეურა“) გორის „დილა“ კონფერენს ლიგის პირველ მატჩში იანის იკაუნიეკსის და ტიმ ვაირინენის გოლებით 2:0 დაამარცხა. ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი განმეორებით მატჩში ფინელებს 14 ივლისს გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს.