კუნძულ ლესბოსზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
კუნძულ ლესბოსზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ახალი ბანაკის აშენებასთან დაკავშირებით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. სამართალდამცველებმა კი, მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან სამართალდამცველები და აქტივისტები. მიგრანტთა ახალი ბანაკის აშენებასთან დაკავშირებით დემონსტრაციები გაიმართა კუნძულ სამოსსა და ქიოსზეც.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური ათენი კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ახალი ბანაკების აშენებას აპირებს, რათა ლესბოსზე, სამოსზე, ქიოსზე, ლეროსსა და კოსზე არსებული მიგრანტთა გადატვირთული ბანაკები ჩაანაცვლოს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბანაკის აშენების წინააღმდეგ გამოვიდა.

აღნიშნული კუნძულები თურქეთთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, საიმიგრაციო კრიზისის დროს ამ ტერიტორიაზე მიგრანტთა განსაკუთრებული ნაკადი იყო.