კუნძულ კრეტის მახლობლად, ერთ დღეში, 600-მდე არალეგალი მიგრანტის შესვლა დაფიქსირდა

15:37, 04.11.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, საბერძნეთში არალეგალურად უკვე 36 000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა.

ბერძნული გამოცემა „კათიმერინის“ცნობით, კუნძულ კრეტის მიდამოებში, ერთ დღეში, 600-მდე არალეგალი მიგრანტის შესვლა დაფიქსირდა.

სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ორშაბათს, 2 ნოემბერს, 522 მიგრანტი იმყოფებოდა კუნძულ კრეტისა და გავდოსის სანაპიროებზე, ასევე ხმელთაშუა ზღვაში მცურავ ნავებში. მათ შორის 31 ბავშვი იყო. მიგრანტების უმეტესობა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებიდან გამოემგზავრა.

იმავე დღეს, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულების, ფსარასა და კალოლიმნოსის მიდამოებში, კიდევ 61 მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც მცირე ზომის ნავებით თურქეთის მახლობელი სანაპიროდან იყვნენ წამოსულები.

წლის დასაწყისიდან, საბერძნეთში არალეგალურად 36 000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 000-ს შეადგენდა. 2015 წელს კი, ევროპაში მიგრაციული კრიზისის პიკზე, საბერძნეთში თითქმის მილიონმა არალეგალმა მიგრანტმა შეაღწია.

მიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი (21 000-ზე მეტი ადამიანი) კრეტაზე წელს ლიბიიდან შევიდა. მიგრანტთა ასეთმა მოზღვავებამ კუნძულზე მათი განთავსება გაართულა.

მიგრანტების ნაკადის შემცირებასთან დაკავშირებით ლიბიის ხელისუფლებასთან გამართულმა მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. საბერძნეთი ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებსა და აფრიკის ქვეყნებთან აწარმოებს დიალოგს, რათა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მიგრანტთა ცენტრები შეიქმნას.

გეგმის მიხედვით, ამ ცენტრებში გაგზავნიან იმ პირებს, რომლებიც თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. გამოცემა „კათიმერინის“ ცნობით, ამ ინიციატივას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

სტატიის და ფოტოს ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური (ERT News)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი, 2026 წელი, 09:41 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი