კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ზაფხულის სეზონზე მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ტურისტებისა და მოზარდთა ჯგუფების მოჭარბებულ ნაკადებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

​როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური ტრავმის პრევენციის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სტუმრად მყოფ ვიზიტორებს სააგენტო უსაფრთხოების წესების დაცვას სთხოვს.

„მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების უსაფრთხოების ინფრასტრუქტურული ელემენტებით აღჭურვისა და ადმინისტრაციებში „საიტ-მენეჯერებისა“ და მეთვალყურეების არსებობის მიუხედავად, საფორტიფიკაციო დანიშნულების არქიტექტურულ კომპლექსებზე და „კლდის ძეგლებზე“ (უფლისციხე, ვარძია, დავით გარეჯის კომპლექსი) არსებობს ტრავმული დაზიანების მიღების რისკი, რაც ვიზიტორთა ჯგუფების ხელმძღვანელ პირებს და გიდებს მეტ ვალდებულებას აკისრებს.

მუზეუმ-ნაკრძალების არეალებში სტუმრად მყოფ ტურისტებს, მოზარდთა ჯგუფებს და მათ ხელმძღვანელებს სააგენტო უპირატესად დადგენილი მარშრუტებით სარგებლობას სთხოვს!

მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ვიზიტორთა მხრიდან უსაფრთხოების წესებისა და განსაზღვრული მარშრუტების უგულებელყოფის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შესაძლო უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მოიხსნის!“ – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.