კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სოფელ კორხში, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სოფელ კორხში, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის, მოქალაქე იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად, XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული. უნებართვო სამუშაოებზე, რომელიც მაისის თვიდან დაიყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 10 მაისს გამოვლინდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საწყის ეტაპზე ძეგლის გარშემო სარძიკვლის დონეზე უნებართვოდ ამოღებული მიწის ფენა დაფიქსირდა, რაც ძეგლს დაზიანების საფრთხეს თავიდანვე უქმნიდა. უნებართვოდ განხორციელებული ქმედების გამოსწორებისა და განხორციებული სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით, მოქალაქე იურიკ წარუკიანს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება მისცა, რომლის საფუძველზეც მას რამდენიმე ვალდებულება განესაზღვრა“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, დაკისრებული ვალდებულებები სამშენებლო პროცესის ინიციატორის იურიკ წარუკიანის მიერ სრულად უგულვებელყოფილი აღმოჩნდა.

​„კ​ანონით განსაზღვრული ქმედებების შეუსრულებლობის გამო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი 21 მაისს სააგენტომ 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, რომლის კანონიერებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველადი ინსტანციის სასამართლო 30 მაისს დაადგენს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არაოფიციალური ინფორმაციით, უნებართვო სამუშაოების ორგანიზებისთვის იურიკ წარუკიანის გაფრთხილებისა და 5000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაინც გრძელდება, რამაც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოშვას“, – აცხადებენ სააგენტოში.