კუცია კარიერას „ვერესში“ გააგრძელებს - ის კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ლეგიონერია #1TVSPORT
კუცია კარიერას „ვერესში“ გააგრძელებს - ის კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ლეგიონერია #1TVSPORT

24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი კუციამ ლატვიური „ლიეპაია“ დატოვა და უკრაინულ „ვერესთან“ გააფორმა კონტრაქტი – კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა „წითელ-შავებთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ კუცია პირველი ქართველი ლეგიონერია, რომელიც რივნოულ კლუბში ითამაშებს. „ვერესის“ ახალწვეული 1999 წლის 27 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. კარიერაც „დინამოში“ დაიწყო – მისი ფორმით 118 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის მფლობელი. გიორგი კუციამ „დინამოში“ ცხრა მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა, კონფერენს და ევროპა ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპზე.

გიორგის უთამაშია გორის „დილაში“, ჩრდილოეთ მაკედონიურ „რაბოტიცკიში“, ბოლოს კი, თამაზ პერტიას ხელმძღვანელობით, ლატვიის ვირსლიგაში საგაზაფხულო ეტაპი „ლიეპაიას“ შემადგენლობაში გაატარა (12 მატჩი, ერთი გოლი). იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. 2017 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, რომელიც საქართველოში გაიმართა – ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ითამაშა და გუნდთან ერთად ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.