კუბის ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით, ჰავანაში ავიაკატასტროფას 110 ადამიანი ემსხვერპლა
კუბის ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით, ჰავანაში ავიაკატასტროფას 110 ადამიანი ემსხვერპლა

კუბის ტრანსპორტის მინისტრის ადელ ისკიერდოს განცხადებით, ჰავანაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 110 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ავიაკატასტროფას სამი ადამიანი გადაურჩა. ისინი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

კუბის ხელისუფლების მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ევანგელისტური ეკლესიის 20 ღვთისმსახურია.

ავიაკატასტროფის ადგილზე უკვე ნაპოვნია ერთი „შავი ყუთი“. გრძელდება მეორე ბორტჩამწერის ძებნა.

ავიაკატასტროფა კუბის დედაქალაქში 18 მაისს მოხდა. სამგზავრო Boeing 737-200 ჰავანას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

გამოძიება ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.