კუბის პრეზიდენტი - საშინელ სცენართან პირისპირ მდგომი კუბა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ საგარეო აგრესორს შეხვდება უკომპრომისო წინააღმდეგობა
კუბის პრეზიდენტი - საშინელ სცენართან პირისპირ მდგომი კუბა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ საგარეო აგრესორს შეხვდება უკომპრომისო წინააღმდეგობა

კუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს. ეს განცხადება კუბის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან „შეიძლება, წაიღოს“ კუბა. საპასუხოდ, კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ მზადაა, „უკომპრომისო წინააღმდეგობა“ გაწიოს.

„საშინელ სცენართან პირისპირ მდგომი კუბა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ საგარეო აგრესორს შეხვდება უკომპრომისო წინააღმდეგობა“, – დაწერა დიას-კანელმა სოციალურ ქსელ „იქსში“.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის მხრიდან ნავთობის ბლოკადის ფონზე, რამაც გააუარესა კუბაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი, კუნძულის ხელისუფლება მზარდ წნეხს განიცდის.

16 მარტს კუნძულზე გაითიშა ელექტოენერგია, რის შედეგადაც ქვეყანაში 10 მილიონი ადამიანი დარჩა დენის გარეშე.

მოგვიანებით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდა მოსახლეობის ორ მესამედისთვის.

16 მარტს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „მას ერგება პატივი, წაიღოს კუბა“.

„ენბისისთან“ ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა 16 მარტს, კუბის ვიცე-პრემიერმა, ოსკარ პერეს-ოლივამ აღნიშნა, რომ ჰავანა „მზად არის მოქნილი სავაჭრო ურთიერთობებისთვის აშშ-ის კომპანიებთან, ასევე აშშ-ში მცხოვრებ კუბელებსა და მათ შთამომავლობასთან“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამ შეთავაზებას მიუღებელი უწოდა.

მისი თქმით, ამგვარად ვერ განხორციელდება თავისუფალი ბაზრის ფორმირების რეფორმა, რაც ტრამპის ადმინისტრაციას სურს.

„რაც მათ გუშინ გამოაცხადეს, საკმარისად დრამატული არ არის. ეს არ დაეხმარება. მათ მოუწევთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა რუბიომ.

საპასუხოდ, ვაშინგტონში კუბის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ კუბასა და აშშ-ს „აქვთ გასააზრებელი საკითხები“, მაგრამ არცერთი ქვეყანა არ უნდა ითხოვდეს სხვა ქვეყნის მთავრობის შეცვლას.

„ჩვენი პოლიტიკური სისტემის, ჩვენი პოლიტიკური მოდელის, ჩვენი კონსტიტუციური მოდელის საკითხი მოლაპარაკების ნაწილი არ არის და არასოდეს იქნება“, – აღნიშნეს კუბის წარმომადგენლობაში.

„რასაც კუბა ითხოვს ნებისმიერ დიალოგში, არის ჩვენი სუვერენიტეტის და თვითგამორკვევის უფლებების პატივისცემა“, – განაცხადეს ვაშინგტონში კუბის წარმომადგენლობაში.