ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, ხუან კუადრადომ მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. „ბებერი სინიორას“ ვებგვერდის ინფორმაციით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და უახლოეს დღეებში კოლუმბიელი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.
სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა მუხლის ტრავმა 12 დეკემბერს, „იანგ ბოიზთან“ შეხვედრაში მიიღო.ტურინელები ვარაუდობდნენ, რომ კუადრადო გამოჯანმრთელებას ოპერაციის გარეშე მოახერხებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ფეხბურთელი „იუვენტუსს“ სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება და სავარაუდოდ მინდორს მარტის ბოლოს დაუბრუნდება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მისი თამაში გამორიცხულია.
მიმდინარე სეზონში კუადრადომ 16 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.