კრივში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა არ ექნება #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, კრივის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის დატვირთვა არ ექნება. მიზეზად კი ის ფაქტი დასახელდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კრივის საერთაშორისო ფედერაციას წევრობა კვლავ შეჩერებული აქვს.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში პირველად 2022 წლის ივნისში განაცხადეს, რომ 2024 წლის პარიზის თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით არ ჩატარდებოდა.
„კრივში პარიზი 2024-ის ერთადერთი მოქმედი საკვალიფიკაციო სისტემა არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2022 წლის სექტემბერში მიღებული სისტემა, რომელიც 2022 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა და გავრცელდა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და კრივის ეროვნულ ფედერაციებს შორის. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წელს კრივის საერთაშორისო ფედერაციას აღიარება შეუჩერა და ის დღესაც ძალაშია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი სწორედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისიის პატრონაჟით ჩატარდა. დღეის მონაცემით, კრივი 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარ პროგრამაშიც არ შედის.
2022 წლის 5 ოქტომბერს, კრივის საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრებებზე დაუშვა მოკრივეები რუსეთიდან და ბელარუსიდან. კრივის საერთაშორისო ასოციაციამ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს საერთაშორისო ტურნირებზე სახელმწიფო დროშითა და ჰიმნით გამოსვლის უფლებაც მისცა, სანაცვლოდ აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებმა ეროვნული ატრიბუტიკით რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების დაშვების გამო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს.