კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით წიკლაური აირჩიეს
კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით წიკლაური აირჩიეს

თბილისის სპორტ-კომპლექს „არენა 1“-ში გამართულ საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე პრეზიდენტად დავით წიკლაური ერთხმად აირჩიეს.

წიკლაური პირველად პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. ყრილობის მონაწილეთა თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდი ქართული კრივის ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. ბოლო წლებში სხვადასხვა ასაკისა და უფროსების ტურნირებზე ჩვენმა მოკრივეებმა 50 მედალი მოიპოვეს, 2019 წელს საქართველოში ჩატარდა ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი. ჩვენმა სპორტსმენმა ოლიმპიადის საგზური მოიპოვა და კიდევ არის შანსი, რომ ლიცენზია სხვებმაც მოიპოვონ.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული დავით წიკლაური აცხადებს, რომ მისი მიზანი საქართველოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარებაა.

„სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა, თორემ წელს საქართველოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამართვა გვსურდა. თუმცა, მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, ამ ტურნირს 2021 წელს მაინც ვუმასპინძლებთ. მთავარი მიზანი კი 2023 წელს უფროსებში ან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაა. ამაში სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი გვერდში გვიდგას. ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“, – ამბობს დავით წიკლაური.