კრივი - ქართულმა დელეგაციამ ერთი ბრინჯაო უკვე გაინაღდა | მინსკი 2019 (ფოტოამბავი)
კრივი - ქართულმა დელეგაციამ ერთი ბრინჯაო უკვე გაინაღდა | მინსკი 2019 (ფოტოამბავი)

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე დღეს ოთხი ქართველი მოკრივე გამოვიდა, რომელთაგან ბრძოლას ორი – ოთარ ერანოსიანი და სახილ ალახვერდოვი აგრძელებენ.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ერანოსიანმა მერვედფინალში ფრანგი ჟორდან როდრიგესი დაამარცხა და მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჯავიდ ჩალაბიევს შეხვდება. ეს ბრძოლა 26 ივნისს გაიმართება.

რაც შეეხება სახილ ალახვერდოვს (49 კგ), მან ჯერ გერმანელი სალაჰ ომარ იბრაჰიმი გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ ბრიტანელ აქილ აჰმედს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 28 ივნისს იტალიელ ფედერიკო სერას შეებრძოლება. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გასვლით ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

რაც შეეხება კიდევ ორ ქართველს – ლაშა გურულსა და ნიკოლოზ ბეგაძეს, ისინი ასპარეზობას უკვე გამოეთიშნენ.

ბეგაძემ (91 კგ) 1/16 ფინალში ლუქსემბურგელი მიშელ ერპელდინგი დაამარცხა, მერვედფინალში – უკრაინელი რამაზან მუსლიმოვი და მეოთხედფინალში ბელარუს ვლადისლავ სმიაგლიკოვთან წააგო.

ლაშა გურულმა (64 კგ) კი, 1/16 ფინალში რუმინელი დმიტრი გალაგოტის დამარცხების შემდეგ,  მერვედფინალში თურქ თუგრულჰან ერდემირთან ვერაფერი გააწყო.