ვფიქრობ, ჩვენს ხალხებს ბევრი საზიარო რამ აქვთ, მაგალითად, ღირსების შეგრძნება, ეროვნული ღირსება და ქვეყნის სუვერენიტეტის რწმენა. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
მისივე თქმით, მსგავს ღონისძიებებს იშვიათად ესწრება და აღნიშნულ ღონისძიებაზე მისი ყოფნა არის სიმბოლო სურვილისა, დათბეს ურთიერთობები.
„მადლობას ვუხდი ელჩს თბილი წარდგენისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ საღამოზე დასასწრებად თბილისიდან ჩამოსვლისთვის. თქვენი აქ ყოფნა თვალსაჩინოა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღონისძიების ფარგლებში, ამ მშვენიერ დარბაზში მოგმართოთ, მოგილოცოთ ქართველ ხალხს ეს მორიგი ისტორიული თარიღი და ერთი-ორი სიტყვით ვისაუბრო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, როგორც ჩემი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის, რუბიოს სახელით, მივულოცო დიდებულ ქართველ ხალხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იუბილე.
უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ჰიმნების შესრულებისას აღვფრთოვანდი თქვენი ქვეყნის ბუნების სილამაზით. ვფიქრობ, ბევრი ამერიკელი ვერ აცნობიერებს, რაოდენ ლამაზია თქვენი ქვეყანა, ვფიქრობ, საქართველოში ბევრი შესანიშნავი ტურისტული შესაძლებლობაა. დაზუსტებით შემიძლია, ვთქვა, რომ მინდა, მე ერთ-ერთი მათგანი ვიყო – ვნახე სურათები და გაოცება ვერ დავმალე. ვიფიქრე, რომ იქ მალე უნდა ჩავიდე.
მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, ბავშვობაში საათობით რომ ვისწავლიდი. მყავს უფროსი ძმა, რომელიც ჩემზე გაცილებით დიდი იყო და ამიტომ, ფაქტობრივად, დედისერთა ბავშვი ვიყავი. ასე რომ, საათობით ვეჯექი მსოფლიო ატლასს და სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ვკითხულობდი, ვსწავლობდი მათ დედაქალაქებსა და წარმოების საშუალებებს, თუმცა საქართველო მაშინ, როდესაც მე ვიზრდებოდი, დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო, ამიტომ, ფაქტობრივად, არ მომეცა საშუალება, შემესწავლა საქართველო. ის იმ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც დამოუკიდებლები ჩემი ზრდასრულობის ასაკში გახდნენ. ამ თვალსაზრისით, თქვენ ძალიან ახალი ქვეყანა ხართ, მაგრამ, როგორც ეს დღეს უკვე აღინიშნა, საქართველო ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.
გილოცავთ ამ ათასწლოვან სახელმწიფოებრიობასა და გაქრისტიანების 1 700 წელს. თქვენი დროშა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში, მასზე ხუთი ჯვარია გამოსახული და, ვფიქრობ, ეს კარგად ასახავს თქვენს ხანგრძლივ და წარმატებულ ისტორიას.
მოგეხსენებათ, ეს ჩვენი ხალხების საერთო კულტურული მემკვიდრეობაა. ვფიქრობ, ჩვენს ხალხებს ბევრი საზიარო რამ აქვთ, მაგალითად, ღირსების შეგრძნება, ეროვნული ღირსება და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყნის სუვერენიტეტის რწმენა. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი ყველა იმ საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს.
გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ სამჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას როდესაც ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა, სიმბოლო ჩვენი სურვილისა, დავათბოთ ურთიერთობები.
ვაფასებ თქვენს გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა“, – განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.
კრისტოფერ ლანდაუს განმარტებით, საქართველოსა და აშშ-ს ბევრი საერთო ეროვნული ინტერესი აქვთ.
„როგორც მინისტრის მოადგილემ კარგად აღნიშნა, საქართველოს, ასევე აშშ-ს სურთ, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ვფიქრობ, ბევრი საერთო ეროვნული ინტერესი გვაქვს. საქართველოს კავკასიის რეგიონში წარმოუდგენლად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე. ვფიქრობ, რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამან ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. მე ცენტრალურ აზიაშიც ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, იქ ბევრი შესაძლებლობაა, ინდოეთიდან ცენტრალურ აზიამდე სავაჭრო მარშრუტის გათვალისწინებით, რომელიც კავკასიაზე გადის და შავი ზღვით ევროპას უკავშირდება. ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული ურთერთობების გადახედვის შესაძლებლობა მოგვცა. მიმაჩნია, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და, ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ ქვეყნების რიგშია.
წინა კვირას თბილისში ჩვენი დელეგაცია გავგზავნეთ და დადებითი განწყობით ველოდები, რომ თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი საერთოს გამონახვა, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა, თუ პოლიტიკის მიმართულებით. შევეცადოთ, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, რადგან, ვფიქრობ, ჩვენს ორ ქვეყანას მართლაც ბევრი საერთო ინტერესი აქვს. განვმეორდები, ვიმედოვნებ, დღეს ჩემი აქ ყოფნა აღიქმება ძლიერ გზავნილად, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებული ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩვენი მეომრები მხარდამხარ იბრძოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რაც, ჩემი აზრით, მოდელია, როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშორმლობის გაღრმავება, თქვენი ცივილიზაციის უძველეს ფესვებზე დაყრდნობით. ვიცი, რომ ღვინო თქვენი არეალიდანაა, თუ სწორად მახსოვს, ათასობით წლის წინ… და როგორც ვიცი, ის საუკეთესოთა შორისაა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებული ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ეს ფაქტი თვალსაჩინო გავხადეთ.
შესაბამისად, მოდით, ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. ვფიქრობ, თქვენი ჩამოსვლა აქ დღეს ძალიან, ძალიან კარგი ნიშანია და დადებითი მოლოდინით ველოდები თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას. ნება მომეცით, უფრო მკაფიო ვიყო ერთ საკითხთან დაკავშირებით – აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საკითხში, ქვეყნის განმტკიცების პროცესში, სამომავლო კეთილდღეობისკენ. ვფიქრობთ, აშშ ძალიან ძლიერი მოკავშირე შეიძლება იყოს. ჩვენ გვსურს თქვენ გვერდით ყოფნა. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელ საღამოზე მოწვევისთვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გაუმარჯოს!“ – განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.