კრისტოფ ლაკრუა - მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცენ ძალადობის ჩამდენი პირები, ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა დაგმონ ძალადობის აქტები
კრისტოფ ლაკრუა - მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცენ ძალადობის ჩამდენი პირები, ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა დაგმონ ძალადობის აქტები

სამხრეთ კავკასიაში ლგბტ პირების უფლებების დარღვევის საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი კრისტოფ ლაკრუა თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ის ძალადობას გმობს და ხელისუფლებას დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

„მკაცრად ვგმობ ძალადობის აქტებს, რომლებიც საქართველოში პრაიდის კვირეულის დროს მოხდა და მიმართული იყო ლგბტ პირების უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლების კვირეულის ორგანიზატორების ოფისის წინააღმდეგ. აღნიშნული ოფისი ოკუპირებული და დარბეული იყო. ასევე იყო ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ“,- განაცხადა კრისტოფ ლაკრუამ.

მისი თქმით, ძალადობას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და მისდამი მოქალაქეების ნდობას ძირს უთხრის, არაფერი ამართლებს.

„ამ მოვლენებმა მოახდინეს ჩემზე გავლენა მით უფრო, რომ მათ შესახებ გავიგე თბილისში ჩემი დაბრუნებისთანავე, სადაც მე ვიმყოფებოდი ჩემი ანგარიშის მომზადების პროცესში ფაქტების გადასამოწმებლად. მქონდა შესაძლებლობა, კონსტრუქციულად გამეცვალა მოსაზრებები ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს თანამომხსენებელმა.

კრისტოფ ლაკრუა სოლიდარობას უცხადებს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს და ქართულ მედიას.

„არა მხოლოდ ჟურნალისტები დაშავდნენ თავდასხმისას, არამედ მედიის თავისუფლება სერიოზულად შეილახა. ამ ძალადობის ჩამდენებმა აჩვენეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან უპირველეს ყოვლისა თავისუფლებას და ინფორმაციის თავისუფალ მიმოქცევას.

საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია და არ უნდა აარიდოს თავი ვალდებულებას, უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. სამწუხაროდ, 5 ივლისს პრაიდი იძულებით გაუქმდა და რამდენიმე მედიასაშუალებამ თავი შეიკავა დასწრებისგან, მათი თანამშრომლებისთვის ზედმეტი საფრთხის ასარიდებლად. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ ძალადობის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; ქართველმა პოლიტიკოსებმა ასევე მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობის აქტები და დაშინება. ნათელია, რომ ზოგიერთი ოფიციალური განცხადება იყო წინააღმდეგობრივი და კონტრპროდუქტიული“, – განაცხადა ლაკრუამ.