კრისტოფ ჰოისგენი - ყველაზე დიდი ცოდვა, რაც პუტინმა ჩაიდინა, არის ის, რომ უნდა მოვიძიოთ მილიონობით დოლარი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად, უმჯობესი იქნებოდა, თანხა მიგვემართა ზარალის ანაზღაურებაზე, კლიმატის ცვლილებებზე
უკრაინის ბრძოლა არ არის მხოლოდ ბრძოლა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ან ბრძოლა ნატო-სა და რუსეთს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ეს არის ბრძოლა კანონის უზენაესობასა და ძლიერს შორის, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰოისგენმა კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ბრძოლა მთელ მსოფლიოს აშფოთებს.
„2022 წლის თებერვალში იმედით ვიყავით სავსე, რომ ვლადიმერ პუტინზე გავლენას მოახდენდა ჩვენი ერთობა, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამოვხატეთ. სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ, რა მოხდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ევროპაში ერთმა ქვეყანამ არ მიიღო მეორე ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობა და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. ერთი წლის შემდეგ 40 მილიონი უკრაინელი არის უსახლოდ, ათიათასობით ქალი, ბავშვი, კაცი არის მოკლული, დაჭრილი, ნაწამები, გაუპატიურებული.
უკრაინა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხი იტანჯება. სულ მცირე, რამდენიმე ქვეყანაა: მეანმარი, რუანდა, ავღანეთი, სირია, ირანი, ეთიოპია, ჰაიტი. შუადღეს ერთ-ერთ პანელზე გვექნება მსჯელობა პასუხისმგებლობაზე, როგორ უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გაძლიერებას, როგორ ვქმნით სპეციალურ ტრიბუნალს ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.
ბევრი კონფლიქტი, რომლებიც ვახსენეთ, აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ხელშეკრულებები, კანონის უზენაესობა და საერთაშორისო კანონმდებლობაზე დამყარებული წესრიგი დარტყმის ქვეშაა. ჩვენ თვითმხილველები ვართ, რომ უკრაინის ბრძოლა არ არის მხოლოდ ბრძოლა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ან ბრძოლა ნატო-სა და რუსეთს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის, არამედ ეს არის ბრძოლა კანონის უზენაესობასა და ძლიერს შორის, ეს არის ბრძოლა, რომელიც მთელ მსოფლიოს აშფოთებს“, – განაცხადა კრისტოფ ჰოისგენმა.
ჰოისგენის განცხადებით, საერთაშორისო წესრიგის დასაცავად საჭიროა ტრანსატლანტიკური ერთობა და გლობალური სამხრეთი.
„იმისთვის, რომ დავიცვათ საერთაშორისო წესრიგი, გვჭირდება ტრანსატლანტიკური ერთობა, მაგრამ ასევე გვჭირდება გლობალური სამხრეთი, რასაც ასევე მიეძღვნება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დისკუსიები. ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ჩაიდინა, არის ის, რომ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც უნდა მოვიძიოთ მილიონობით დოლარი, რათა დავეხმაროთ უკრაინას იარაღის შესაძენად, დავიცვათ დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები. მოვიძიოთ ფული, რომელიც, უმჯობესი იქნებოდა, მიგვემართა ზარალის ანაზღაურებაზე, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაც ერთ-ერთი რეალური გამოწვევაა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენ, ევროპელებმა, ვიცით, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებსა და მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ვიცით, რომ ისინი იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ევროპის თავისუფლებისა და ჩვენი მშვიდობისთვის გლობალურად“, – განაცხადა კრისტოფ ჰოისგენმა.