კრისტიან ურსე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განხორციელებულ პროექტს უმაღლეს შეფასებას აძლევს
კრისტიან ურსე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განხორციელებულ პროექტს უმაღლეს შეფასებას აძლევს

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე საბჭოს მხარდაჭერით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლის გაძლიერებაა, უმაღლეს შეფასებას აძლევს. მისივე თქმით, საბჭო ქართულ მხარესთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.

„დღეს უკვე სრულდება წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე პროექტი იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის, რომლის სათაურია „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობის გაძლიერება“. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მთლიანობაში, ამ პოტენციალის განმტკიცების ფარგლებში ვსაუბრობთ სკოლის როლის გაზრდაზე, რადგან სკოლა ატარებს ძალიან ბევრ ტრეინინგს მოსამართლეებისთვის.

პროექტის მიზანი ასევე არის,  ხელი შეუწყოს სასამართლო რეფორმის გაძლიერებას, იმიტომ რომ მოსამართლეთა ტრეინინგი პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოს რეფორმირების პროცესთან.

სკოლის როლის გაძლიერება არის მეტად მნიშვნელოვანი ამ კუთხით. თუ ვისაუბრებთ კმაყოფილების ხარისხზე, ეს არის ძალიან მაღალი. ერთი მხრივ, ვსაუბრობთ სკოლის მიღწევებზე, ასევე მნიშვნელოვანია მეორე შედეგი – კოორდინირება სხვა საერთაშორისო პროექტებთან, როგორიც არის ევროკავშირის „ტვინინგის“ პროექტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ სკოლასთან თანამშრომლობას“, – განაცხადა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა.