კრისტიან ძაკარდო, ჯიჯი დი ბიაჯო და საქართველოს ნაკრების წევრები ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთის“ გადასვლას გულშემატკივრობენ [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, 36-ე ტურში საგარეჯოს „გარეჯისა“ და ფოთის „კოლხეთის“ შეხვედრაში გაირკვევა, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და პლეი ოფის გარეშე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
ფოთელები კონკურენტს ქულით უსწრებენ და საგარეჯოში თუ ფრედ ითამაშებენ, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ.
„კოლხეთმა“ თამაშამდე დაიწყო მხარდამჭერების მობილიზება. კლუბმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც გუნდს წარმატებებს უსურვებს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში კრისტიან ძაკარდო.
„მე კრისტიან ძაკარდო ვარ. გაუმარჯოს ფოთის „კოლხეთს“, – ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.
ამას გარდა, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს მხარს უჭერენ იტალიური ფეხბურთის ვეტერანი ჯიჯი დი ბიაჯო და საქართველოს ნაკრების წევრები: ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ივა გელაშვილი, ირაკლი აზაროვი. ფოთელებს ქომაგობენ ყოფილი „ჯვაროსანი“ ჯანო ანანიძე და გუნდიდან იტალიურ „ფროზინონეში“ გადასული აკაკი გიუნაშვილი.
საგარეჯოს „გარეჯისა“ და ფოთის „კოლხეთის“ მატჩი 2 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.