კრისტიან დანიელსონი - ვაგრძელებთ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას
კრისტიან დანიელსონი - ვაგრძელებთ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას

ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში სამთავრობო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ- მინისტრთან ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს და ახალ პრემიერთანაც ამავე მუხტის გაგრძელების იმედი აქვს.

მისივე თქმით, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოში გატარებული რეფორმების მიღწევები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

“დღეს განვიხილეთ ის გზა, რომელსაც საქართველო ევროკავშირის მიმართულებით გადის, ვფიქრობ საინტერესო დისკუსია შედგა. ხაზი გაესვა ჩვენს შორის თანამშრომლობას. თუ რა შედეგები იქნა მიღწეული საქართველოში გატარებული რეფორმების კუთხით, ასევე რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის მომავალში, მათ შორის იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომლებიც დღეისთვის არსებობს. მაგალითად, როგორ გავხადოთ ეკონომიკა უფრო ეფექტური, საჯარო ადმინისტრირება უფრო ძლიერი, ასევე სასამართლო რეფორმები. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ფინანსურად და ტექნიკურად.  ეს ყველაფერი წაადგება საქართველოს ევროპულ ეკონომიკაში გაწევრიანების საქმეს, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობისა თუ ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში“-განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.