კრისტიან დანიელსონი - ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ
ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განუცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მე ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, შეეცადონ, მოძებნონ წინსვლის გზა. სწორედ ეს არის, რის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება.
დილიდან დაგეგმილია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას წარმართავენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები იგეგმება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.