ევროკავშირის წარმომადგენლობაში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება
ევროკავშირის წარმომადგენლობაში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დღესაც გაგრძელდება.

დილიდან დაგეგმილია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას წარმართავენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები იგეგმება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

გუშინდელი შეხვედრების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ელჩებმა კომენტარის გარეშე დატოვეს. შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. გუშინ, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, ფასილიტატორები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რვა საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.