გრიგოლ გეგელია – ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა, რომ შევერთებოდით ევროკავშირის სანქციებს და არ ვუჭერდით მხარს ცალკე ორმხრივი სანქციების დაწესებას, რას ინახავს არქივი, სად ვითხოვდით? არასოდეს

23:45, 18.11.2026

ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა, რომ შევერთებოდით ევროკავშირის სანქციებს და არ ვუჭერდით მხარს ცალკე ორმხრივი სანქციების დაწესებას, რას ინახავს არქივი, სად ვითხოვდით? არასოდეს, – ასე უპასუხა პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ აცხადებს „ლელო“, რომ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნა პარტიის მხრიდან არასდროს გამოთქმულა, მათ შორის, არც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თუმცა არქივში ინახება განცხადებები, რომლებშიც პარტია პირდაპირ მოითხოვდა საფინანსო თუ სავიზო ხასიათის შეზღუდვების დაწესებას. წამყვანი ასევე დაინტერესდა, რატომ შეიცვალა პარტიამ პოზიცია ახლა, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას.

„ძალიან გამიხარდება კონკრეტული განცხადების ნახვა, რადგან მე ვარ საგარეო მდივანი უკვე შვიდი წელია და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა. ეს პოზიცია იყო, პირველი – შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებიც დააწესა ევროკავშირმა და მეორე, არ შევუერთდეთ იმ მოწოდებას, იმ აზრს, რომ საქართველომ ცალკე უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები. ჩვენ თავიდანვე პრინციპულად ვამბობდით, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს, ნაწილობრივ მაინც იმ სანქციებს, რომლებიც დააწესა ევროკავშირმა.

იმავე წლის აპრილიდან მოყოლებული, „ქართული ოცნებაც“ ზუსტად იმავეს ამბობდა – ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციასო. შემიძლია, მათი ლიდერების ათობით განცხადება გაჩვენოთ. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, შემიძლია, ახლავე გაჩვენოთ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ჩემი და სხვა კოლეგების განცხადებები. შავით თეთრზე წერია, რომ ორმხრივი სანქციების დაწესება არ წარმოადგენს ჩვენს მოთხოვნას და არ მიგვაჩნია სწორად. თქვენი არქივი მარტო არასწორ რაღაცებს ინახავს? სხვათა შორის, თქვენს ვებგვერდზეა ერთ-ერთი განცხადება“, – განაცხადა გეგელიამ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ განცხადებები მხოლოდ პირველი არხის არქივში არ მოუძიებია და წაიკითხა „ლელოს“ მიმართვა მთავრობისადმი, რომელშიც პარტია მოითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, მათთვის საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის შეზღუდვას, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხის რეგულირებასა და ბიზნესის რეგისტრაციის პროცესის მაქსიმალურ კონტროლს. წამყვანის თქმით, სხვადასხვა განცხადებაში პარტია ასევე მოითხოვდა პირდაპირი ფრენების შეწყვეტას.

გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ე.წ. საქართველოს დაცვის აქტი, როგორც მას შემდგომში ეწოდა და მასში ასახული პოლიტიკის შინაარსი, როგორც აქტის მიღებამდე, ისე მისი მიღების დროს, კონკრეტულ რეალობასა და გამოწვევებს პასუხობდა, რომლებიც ისტორიულმა მოვლენამ, კერძოდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შექმნა.

„გვახსოვს ყველას, რომ ამან გამოიწვია მთელი რიგი დინამიკები – რუსების უკანონო შემოდინება საქართველოში, მათ შორის, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეროვნული უსაფრთხოების ტიპის საკითხები. ეს კითხვები წამოიწია წინ, ქართული საზოგადოება ძალიან ღელავდა და ჰქონდა კითხვები ამ მიმართულებით. ჩვენ კი, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ბუნებრივია, ჩვენი ხედვა შევთავაზეთ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო საკუთარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოწყობას. რუსეთის დასჯის აქტი კი არ არის სანქცია, რაც იქნებოდა, ეს არის საქართველოს დაცვის აქტი. ვხედავთ ხომ განსხვავებას?“ – განაცხადა გეგელიამ.

წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ კითხვის მთავარი არსი სწორედ ის იყო, ცდილობდა თუ არა „ლელო“ სასამართლო პროცესზე საკუთარი პოზიციის შეცვლას, მაშინ, როდესაც არქივში საპირისპირო შინაარსის განცხადებები ინახება. წამყვანმა ასევე წაიკითხა პარტიის მიერ მოთხოვნილი შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც იწყება სავაჭრო ემბარგოთი და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვით, მოიცავს ასევე ფინანსურ და საბანკო შეზღუდვებს, მესამე პუნქტია სავიზო რეჟიმის დაწესება და საზღვრის ჩაკეტვა, ხოლო მეოთხე პუნქტი ეხება სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ბლოკადას, ბიზნესისა და აქტივების შეზღუდვას, რაზეც გეგელიამ აღნიშნა, რომ ეს ორმხრივი სანქციები არ არის, არ არის არცერთი ქვეყნის ენაზე, არც საერთაშორისო სამართლებრივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ეს სანქცია კი არ არის, ეს არის სუვერენული ზომები“, – განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეა გასული, პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მიტინგებს მართავს და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. „ლელოს“ მაშინდელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი მაგიდის გადასწვრივ მსხდომ „ლელოს“ პარლამენტიორებს, რომლებიც რუსთაველიდან შემოსულ შეძახილებზე მითითებით მომიწოდებდნენ, მოთხოვნები გაგვეთვალისწინებინა – უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები გაგვეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა“.

მსგავსი