კრისტიან დანიელსონი – არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება, მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები

14:31, 15.03.2021

ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები.

„ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა ამ დილით, დღის განმავლობაში კიდევ გვექნება შეხვედრები. ახლა პრეზიდენტთან მექნება შეხვედრა. პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე ვთქვი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ამ წუთებში კრისტიან დანიელსონი ორბელიანების სასახლეში იმყოფება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

კრისტიან დანიელსონი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ თბილისში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.

დღეს დილიდან მან შეხვედრები გააგრძელა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და როგორც აღნიშნა, დღის განმავლობაში შეხვედრები კიდევ გაიმართება.

მსგავსი