კრისტიან დანიელსონი - შეთანხმება თუ შედგება, აქ იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი
შეთანხმება თუ შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
დანიელსონის თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო რთული საკითხების გადასაჭრელი გზების პოვნა.
„დღეს შევხვდი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, რათა მოგვემზადებინა ხვალინდელი შეხვედრა ყველა პარტიის მონაწილეობით. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ყველაზე რთული საკითხების გადასაჭრელი გზების მოძიება, დემოკრატია საჭიროებს სხვადასხვა მხარის ინტერესების გათვალისწინებას. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხარისთვის. პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ასევე, იქნება გზა, რათა გადაილახოს ნდობის ნაკლებობა. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოდ კი, მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება. მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი“, – აღნიშნა დანიელსონმა.