კრისტიან დანიელსონი – მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა

13:26, 12.03.2021

ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რათა შედეგს მივაღწიოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერსა და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

„ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რათა შედეგს მივაღწიოთ. მთავარი პუნქტი ჩემთვის, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა. დილით უკვე შეხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შემდეგ ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს“, – განაცხადა დანიელსონმა.

ამასთან, დანიელსონმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ დატოვებენ საპატიმროებს, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

„საკითხები, რაც ახსენეთ, არჩევნები, ისევე, როგორც საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, პოლიტიზებისგან თავისუფალი მართლმსაჯულება – ეს არის ის საკითხები, რომელიც მაგიდაზე დევს, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. მე მოვუსმენ მხარეებს დღეს შუადღისას ან ხვალ შეხვედრების დროს და ამ საკითხებზე ვიმუშავებთ ამ დღეებში“, – განაცხადა დანიელსონმა.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.

მსგავსი