კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს და მას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან.

„შეგვატყობინეს, რომ დანიელსონთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელის, გვანცა წულუკიძის თქმით, შეხვედრის მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ეს არის განმეორებითი შეხვედრა, დაახლოებით, ათი დღის წინ გვქონდა პირველი შეხვედრა. ახლა ვხვდებით, რომ გავაჟღეროთ ჩვენი პოზიციები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რომლის შექმნაზე ცალსახად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, არის ერთადერთი – მოლაპარაკება ოპოზიციასთან. იმისთვის, რომ ლეგიტიმური გახდეს პარლამენტი და მომდევნო სამუშაო პროცესი, ხალხის ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რასაც წინ უძღოდეს როგორც საარჩევნო რეფორმა, ასევე სასამართლო რეფორმა, რათა იყოს ნდობა და არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ რეჟიმში, ჰქონდეს საზოგადოებას ნდობა. ვაპირებ, ვისაუბრო სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში განხორციელდეს არა ისეთი ფრაგმენტული ცვლილებები, როგორიც ახლა არის შემოთავაზებული, არამედ კომპლექსური და ყოვლისმომცველი, რაც უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებით. ჩემი ორგანიზაციის პოზიციით, რიგგარეშე არჩევნები არის აუცილებელი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა გვანცა წულუკიძემ.