კრისტიან დანიელსონი - ევროკომისია ეთანხმება დიფერენცირებულ მიდგომას, რომ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მოიძებნოს წინსვლის გზები
კრისტიან დანიელსონი - ევროკომისია ეთანხმება დიფერენცირებულ მიდგომას, რომ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მოიძებნოს წინსვლის გზები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი უკვე თვალსაჩინოა.

„ეს ჩანს ევროკავშირის არჩეული პრეზიდენტის განცხადებიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე პასუხისმგებელი ევროკომისრის მისიის აღწერაში. ეს წერილი ნათელი და ამბიციურია. მასში ნათქვამია, რომ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს, განახლდეს გრძელვადიანი პოლიტიკა და გადაიხედოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მიდგომა. მასში მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ ყურადღება მიექცეს გადაუწყვეტელ საკითხებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემა, კორუფციის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და რაც მთავარია, აღნიშნულია, რომ ევროკომისარმა უნდა იმუშაოს საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებების შესრულების დაჩქარებაზე“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

მისივე თქმით, ევროკომისია თავის მხრივ ეთანხმება დიფერენცირებული მიდგომის პრინციპს, რათა უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მოიძებნოს წინსვლის გზები და მათთან მუშაობა გაძლიერდეს.

„თუ განვლილ 10 წელს გადავხედავთ, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დიფერენციაციის გარკვეულ დონეს და ეს იყო 2015 წელს სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის მთავარი პრინციპი. დიფერენციაცია სამ საკითხში ჩანს. როდესაც საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები. მეორე – მათ აქვთ უვიზო რეჟიმი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც საჭიროა რეაგირება. არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გამო და ამ საკითხზე აუცილებელია რეაგირება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა უვიზო რეჟიმის წესები.

და მესამე, ჩვენ გვაქვს გაზრდილი პოლიტიკური დიალოგი სამ ქვეყანასთან მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანხმდებით, რომ შესაძლებელია უფრო მეტის გაკეთება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ.