კრისტი ნოემი – საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერი მინეაპოლისში მომზადების შესაბამისად მოქმედებდა, ის გამოცდილი ოფიცერია, რომელიც რამდენიმე წელია, მსახურობს
საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერი მომზადების შესაბამისად მოქმედებდა, ის გამოცდილი ოფიცერია, რომელიც რამდენიმე წელია, მსახურობს, – ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითიც მან მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტის მიერ ავტომობილში მყოფ ქალის მკვლელობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ნოემის თქმით, ოფიცერმა „სათანადოდ იმოქმედა“ საკუთარი თავისა და ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების დასაცავად.
„ხშირად არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკამ და რიტორიკამ ხალხი გაყო და ერთმანეთის წინააღმდეგ დააპირისპირა. ჩვენი საქმეა, დავიცვათ ყველა ამერიკელი, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი ამ ქვეყანაში. ოფიცერმა სათანადოდ იმოქმედა საკუთარი თავის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების დასაცავად“, – განაცხადა ნოემმა.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ინციდენტს – „შიდა ტერორიზმის აქტი“, თავად ქალს კი „არეულობის მონაწილე“ უწოდა და აღნიშნა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერმა „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.
მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი კი ICE-ს აგენტის მონაწილეობით მომხდარი სროლის გამო შეშფოთებულია და მოითხოვს, რომ მათ ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, მანამდე ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.