„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგა, 24-ე ტური - ჯიღაურის დუბლით ბათუმის „დინამო“ გალიდერდა
„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგებმაც ლიდერი შეცვალა. „რუსთავმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ანგარიში 34-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის გადაცემით გახსნეს. რუსთაველებმა ანგარიში ორ წუთში გაათანაბრეს – „სიონის“ კარი ბექა ქავთარაძემ აიღო. 76-ე წუთზე ბოლნისელები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მეკარე ოთო გოშაძე გააძევა, რომელმაც მასთან დარჩენილი მეტოქის თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე წესის დარღვევით შეაჩერა. „რუსთავმა“ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა – სამ წუთში „სიონის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დათა სიჭინავამ უნაკლოდ შეასრულა და „რუსთავს“ მოგება მოუტანა 2:1.
ბათუმის „დინამომ“ ანგისას საფეხბურთო კომპლექსში საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და ჯაბა ჯიღაურის დუბლით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ბათუმელებმა 2:0 მოიგეს.
ამ გამარჯვებით ბათუმის „დინამომ“ 46 ქულა დააგროვა და ლიდერს, თბილისის „დინამოს“ ორი ქულით გადაასწრო, თუმცა ევროტურნირებზე გამოსვლის გამო, თბილისელებს ორი თამაში ჩასატარებელი აქვთ. „რუსთავი“ კი ქულებით (28 ქულა) „ჩიხურას“ გაუთანაბრდა და მასთან მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს. რაც შეეხება „სიონს“, ბოლნისელები (26 ქულა) ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე არიან.