კრიშტიანო რონალდოს 1200 მატჩი კარიერაში - მას მხოლოდ ოთხი მეკარე ასწრებს #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ალ-ნასრმა“ შინ მიიღო „ალ-რიადი“ და 4:1 დაამარცხა.
„ალ-ნასრის“ ფორვარდისთვის, კრიშტიანო რონალდოსთვის ეს იყო კარიერაში საიუბილეო, 1200-ე მატჩი. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, პორტუგალიელი წინა ხაზზე მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია. მასზე წინ ოთხი ფეხბურთელია და ყველანი მეკარეები არიან: პეტერ შილტონი (1375), პოლ ბესტოკი (1286), როჟერიუ სენი (1237) და ფაბიო ლოპესი (1212).
„მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორების, რომლებიც დამეხმარნენ 1200 მატჩამდე მისვლაში. აი, ამას ჰქვია მოგზაურობა! მაგრამ ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია“, – დაწერა სოციალურ ქსელში 38 წლის ფეხბურთელმა.
„ალ-რიადის“ წინააღმდეგ ანგარიში რონალდომ გახსნა. მიმდინარე ჩემპიონატის 15 მატჩში კრიშტიანომ 16 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია და ასევე ლიდერობს „გოლი+პასის“ სისტემით.
2023 წელს რონალდომ 49 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს და ჩამორჩება მხოლოდ ერლინგ ჰალანდს, რომელსაც კალენდარულ წელს 50 გოლი აქვს გატანილი.