კრიშტიანო რონალდომ „ალ ნასრის“ მაისურით საუდის პრო ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო მორიგი რეკორდის ავტორი გახდა, პარალელურად კი მისი გუნდი „ალ ნასრი“ საუდის არაბეთის ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს.
„ალ შაბაბის“ წინააღმდეგ გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელიც „ალ ნასრის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა, რონალდუმ საუდის არაბეთის ლიგის გუნდის მაისურით თავისი საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა. ამ შედეგის დასაფიქსირებლად ფეხბურთელს 105 მატჩი დასჭირდა.
პორტუგალიელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 100-გოლიანი ბარიერი ოთხ სხვადასხვა ეროვნულ ჩემპიონატში დაძლია. რონალდომ ასი გოლი ინგლისის პრემიერ ლიგაში („მანჩესტერ იუნაიტედი“) გაიტანა, შემდეგ – ესპანეთის ლა ლიგასა („რეალ მადრიდი“) და იტალიის სერია ა-ში („იუვენტუსი“), ახლა კი ეს მიღწევა საუდის არაბეთის პრო ლიგაშიც გაიმეორა.
ამ მომენტისთვის „ალ ნასრი“ ჩემპიონატში 82 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ალ ჰილალს“ 5 ქულით აღემატება. ტურნირის დასრულებამდე ორი ტური დარჩა.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის კარიერულ აქტივში 971 გოლია. 1000-გოლიან ნიშნულამდე პორტუგალიელს 29 გოლი აშორებს.