კრიშტიანო რონალდო - მსურს, მომდევნო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო #1TVSPORT
სექტემბრის სანაკრებო შესვენების დროს პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, 39 წლის კრიშტიანო რონალდომ თავის კარიერაში 900-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა, მან ხორვატიისა და შოტლანდიის ნაკრებების კარი აიღო.
მნიშვნელოვანი მიღწევის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ განაცხადა, რომ სურს, მომდევნო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.
„ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ და დიდი ამბიცია მაქვს. მსურს, მომდევნო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო. ნაკრებს მაშინ დავტოვებ, როცა ვიგრძნობ, რომ მისი მნიშვნელოვანი წევრი აღარ ვიქნები“, – განაცხადა რონალდომ.
პორტუგალიელ ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე 214 ჩატარებულ მატჩში 132 გოლი აქვს გატანილი. ორივე ეს მაჩვენებელი სარეკორდოა. 2016 წელს რონალდომ თავის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2019 წელს – ერთა ლიგა.