კრიშტიანო რონალდო და „იუვენტუსი“ კონტრაქტზე არ ლაპარაკობენ #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არ აწარმოებს მოლაპარაკებებს იტალიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
წყაროს ცნობით, ტურინელები ელოდებიან 36 წლის პორტუგალიელისა და მისი აგენტის ჟორჟე მენდეშის გადაწყვეტილებას გუნდში დარჩენის ან გუნდიდან წასვლის თაობაზე. კრიშტიანოს მოქმედი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება. პორტუგალიელის ხელფასი სეზონში 31 მილიონ ევროს შეადგენს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ კრიშტიანო რონალდოს წინადადებით მიმართა „მანჩესტერ იუნაიტედმა“.
გასულ სეზონში პორტუგალიელმა 44 ოფიციალური მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე, 36 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.
ევრო 2020-ზე პორტუგალიის ნაკრებმა მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც ბელგიასთან 0:1 წააგო. კრიშტიანომ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ჯერჯერობით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.