კრემლში აშშ-ის ყოფილი ჯაშუშის ოჯახმა გამჟღავნების საშიშროების გამო საცხოვრებელი სახლი დატოვა
კრემლში აშშ-ის ყოფილი ჯაშუშის ოჯახმა გამჟღავნების საშიშროების გამო საცხოვრებელი სახლი დატოვა

კრემლში აშშ-ის ყოფილი ჯაშუშის, ოლეგ სმოლენკოვის ოჯახმა ქალაქ სტაფორდში მდებარე სახლი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაშუშის ევაკუაცია გამჟღავნების საშიშროების გამო განხორციელდა.

ოლეგ სმოლენკოვისა და მისი ოჯახის გაუჩინარება პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთიდან სმოლენკოვის ევაკუაცია აშშ-ის სპეცსამსახურებმა 2017 წელს მოახდინეს და 2018 წლიდან ყოფილი ჯაშუში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ვირჯინიის შტატის ქალაქ სტაფორდში ცხოვრობდა. მეზობლები აცხადებენ, რომ 10 სექტემბერს „რუსების ოჯახმა“ ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, სასწრაფოდ დატოვა სახლი.

აშშ-ში ჯაშუშის სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ტელეკომპანია „სიენენმა“ (CNN) კრემლში ჩანერგილი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო აგენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ოლეგ სმოლენკოვი აშშ-ში რუსეთის ელჩის თანაშემწე, მოგვიანებით კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.