კრემლში აცხადებენ, რომ ტრამპს არ უცნობებია პუტინისთვის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განზრახვის შესახებ
კრემლში აცხადებენ, რომ ტრამპს არ უცნობებია პუტინისთვის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განზრახვის შესახებ

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ უცნობებია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განზრახვის შესახებ. როგორც რუსეთის ლიდერის პრესმდივანი აცხადებს, რუსეთი გმობს აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„მოხდა ამ კონფლიქტის მონაწილეების რაოდენობის გაზრდა. ესაა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის ახალი ეტაპი“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

დიმიტრი პესკოვის შეფასებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შედეგები და შესაძლო რადიაციული საფრთხე შეფასებას მოითხოვს.

„აუცილებელია იმის დადგენა, რა მოხდა ამ ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით და ხომ არ არსებობს რადიაციული საფრთხე, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან, რომ ახლა რადიაციული დაბინძურების არანაირი ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, სხვადასხვა გზით დაეხმაროს ირანს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რა მოთხოვნები აქვს თეირანს.

„ჩვენ შევთავაზეთ ირანს ჩვენი შუამავლობა. ასევე, ღიად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება და ირანული მხარის მხარდაჭერა. დანარჩენი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სჭირდება ახლა ირანს“, – განაცხადა პესკოვმა.