კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვი ევროკავშირიდან ბელარუსის ტერიტორიის გვერდის ავლით ავიარეისების მიღებაზე უარს ტექნიკური საკითხების გამო ამბობს
კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვის უარი, მიიღოს რეისები ევროკავშირისგან ბელარუსის ტერიტორიის გვერდის ავლით, გამოწვეულია ტექნიკური მომენტებით, რაც რუსეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის შესვლის წერტილების შეთანხმებას უკავშირდება. რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საავიაციო ხელისუფლება აუცილებელ განმარტებებს გააკეთებს, თუმცა ეს არის ტექნიკური მომენტები.
თვითმფრინავები არ შედიან ქვეყანაში საჰაერო სივრცის ნებისმიერი ადგილიდან. არსებობს განსაზღვრული შეთანხმებული წერილები და შეთანხმებული ეშელონები იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია დიდი რაოდენობით თვითმფრინავების ტრაფიკზე და უპირველეს ყოვლისა, საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთის საავიაციო ხელისუფლება შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
„ვითარება ექსტრაორდინარულია. რ თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ მსგავსი სიტუაციები არ წარმოქმნილიყო“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
დღეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებში ესკალაცია არ გამორიცხა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „ავსტრიის ავიახაზებს“ ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო, რეისის განხორციელების უფლება არ მისცა.
ევროკავშირმა ყველა ევროპულ ავიაგადამზიდს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე ფრენას. ასევე ბელარუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. ამის მიზეზი 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლების მიერ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დასმა და მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავება გახდა.