კრემლის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში ვითარების განხილვას გეგმავს
კრემლის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში ვითარების განხილვას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში ვითარების განხილვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კრემლის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ვითარება ლაჩინის დერეფანში დაძაბული რჩება და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი გრძელდება.

„სამწუხაროდ, იქ დაძაბული ჰუმანიტარული ვითარებაა შენარჩუნებული. მთიან ყარაბაღში უკვე რამდენიმე თვეა, არ არის გაზი და ელექტროენერგია. ვითარება ლაჩინის დერეფანში რჩება საკმაოდ დაძაბული. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღში სურსათის მიწოდება ხდება რუსი მშვიდობისმყოფელების დახმარებით და ეს არის სურსათის შეზღუდული რაოდენობა. ზოგადად, ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში გრძელდება და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ მას განვიხილავთ“, – განაცხადა ფაშინიანმა პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას.

შეგახსენებთ, სომხეთი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის, ლაჩინის დერეფნის ბლოკადაში ადანაშაულებს, რასაც ოფიციალური ბაქო უარყოფს.