კრემლი სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს
კრემლი სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს

კრემლი სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს. დამასკოს მიერ მოსკოვისთვის დამატებითი უძრავი ქონებისა და აკვატორიის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში. დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტპორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებიდან ირკვევა, რუსეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო ჯგუფის განთავსებისთვის, რუსული მხარე სირიის ხელისუფლებას დამატებითი უძრავი ქონებისა და აკვატორიის გადაცემას სთხოვს.

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმება რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ.

დოკუმენტი 2020 წლის 29 მაისით არის დათარიღებული.

ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები სირიაში რამდენიმე ბაზას იყენებს, მათ შორის ხმეიმის ავიაბაზასა და თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარე ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზას. 2019 წლის ნოემბერში რუსეთმა სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ელ-კამიშლიში ახალი საჰაერო ბაზის შექმნა დაიწყო, სადაც მანამდე ამერიკელ სამხედროებს ჰქონდათ ბაზა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა განაცხადა, სირიაში რუსეთის ორივე მთავარი სამხედრო ბაზა უნდა გაფართოვდეს და განვითარდეს.

დატოვე კომენტარი