„კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები 350 მლნ ლარით განისაზღვრება, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის წელს 500 მლნ ლარი გამოიყოფა
„კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები 350 მლნ ლარით განისაზღვრება, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის წელს 500 მლნ ლარი გამოიყოფა

ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის 2020 წელს ჯამურად 500 მლნ ლარი გამოიყოფა,  – ამის შესახებ დღეს პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციაზე.

მისი განმარტებით, აქედან საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე 300 მლნ ლარი მოდის, ხოლო დანარჩენი 200 მლნ ლარი დაიხარჯება იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით არის გათვალისწინებული.

„ასევე მნიშვნელოვანია დღგ-ს დაბრუნდების თემა. ეს ერთი მხრივ, ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი პრიორიტეტია, თუმცა რითი განსხვავდება ეს წელი და რა არის აქ განსაკუთრებული – ჩვენ შარშან გვქონდა დაახლოებით 600 მლნ ლარზე მეტი დაბრუნებული თანხა, მანამდე, 2018 წელს იყო 500 მლნ ლარი, ვფიქრობ, წელს უნდა გავაორგმაგოთ და ეს იქნება უპრეცედენტოდ დიდი თანხა. მიგვაჩნია, რომ შევძლებთ ბიზნესს დავუბრუნოთ 1 მილიარდ-1 მილიარდ 200 მლნ ლარის ფარგლებში“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ჯამურ თანხებზე ისაუბრა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაიხარჯება.

„ჯამურად ეს ყველაფერი გამოგვდის შემდეგი რიცხვები: მოქალაქეებზე პირდაპირი გაწეული დახმარებები, მათ შორის სოციალური მხარდაჭერა შეადგენს 1 მილიარდ ლარზე მეტს, 1 მილიარდ 35 მლნ ლარის ფარგლებში არის. ეკონომიკაზე და ბიზნესზე მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლიობა გვაძლევს 2 მილიარდ 100 მლნ ლარს. ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები კი, განისაზღვრება 350 მლნ ლარით, ეს არის უშუალოდ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ხარჯები, როგორც სამედიცინო, ისე კარანტინის და ისევე დამცავი საშუალებების ხარჯების ერთობლიობა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.