„კოვიდ 19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, ბოლო ექვს თვეში პირველად, ჩეხეთში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი დაწესდა
„კოვიდ 19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, ბოლო ექვს თვეში პირველად, ჩეხეთში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი დაწესდა

„კოვიდ 19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, ბოლო ექვს თვეში პირველად, ჩეხეთში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი დაწესდა. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ოქტომბრიდან ამოქმედებული რეჟიმი 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

პრაღაში ამბობენ, რომ გაზაფხულის მსგავსად, ქვეყანაში ეკონომიკის გაჩერება აღარ იგეგმება. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრ რომან პრიმულას განცხადებით, შეზღუდვები უმთავრესად სამრეწველო წარმოებას არ შეეხება. ჩეხი მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით სერიოზულია, ვიდრე გაზაფხულზე.

მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლოს ჯანმრთელობის ეროვნული სისტემები ვეღარ შეძლებს უზრუნველყოს კლინიკური მკურნალობა ვირუსისგან გართულებული პაციენტებისთვის, თუ არ განხორციელდება მძიმე სოციალური შეზღუდვები. საავადმყოფოების ინფექციური განყოფილებები თითქმის სავსეა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ორშაბათიდან ღია ცის ქვეშ საზოგადოებრივი ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა შეიზღუდება 20 ადამიანით, ხოლო შენობაში – ათით. გამონაკლისი გაკეთდა მათთვის, ვინც მონაწილეობს საღვთო მსახურებაში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების შეხვედრებში, აგრეთვე სასამართლო პროცესებში. 100-მდე ადამიანს შეუძლია ერთდროულად მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებებში, სანიტარული და ჰიგიენის სტანდარტის შესაბამისად. ორშაბათიდან ორი კვირით დაიხურა სკოლები იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის ინფექცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ამ დღიდან ფეხბურთისა და ჰოკეის მატჩები გაიმართება გულშემატკივრების გარეშე.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩეხეთში კორონავირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.