„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფეისბუქგვერდი „პროვაქსი“ შეიქმნა
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფეისბუქგვერდი „პროვაქსი“ შეიქმნა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ფეისბუქგვერდი, სახელწოდებით „პროვაქსი” შეიქმნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მედიის გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია განთავსდება.

გვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას, სად და როგორ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება. ასევე განთავსდება ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები.

ფეისბუქგვერდი საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის – UK aid-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

„მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დასაბრუნებლად. აღარ მივცეთ კოვიდს უფლება, ერთმანეთს დაგვაშოროს. აიცერი“, – ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კრეატიული კონცეფცია შემუშავდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის (GIIP) მეშვეობით.

„პროექტის განმახორციელებელია „ზინქ ნეთვორქი“. კამპანიის შინაარსი შესაძლოა, არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ან შეერთებული შტატების მთავრობის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.