კოტე მიქაუტაძემ „ბაიონთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
კოტე მიქაუტაძემ „ბაიონთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„ბორჯღალოსანთა“ მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის „ბაიონთან“ ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, „ბაიონს“ მასთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება თავიდანვე სურდა.

„მაშინ პირობებიდან გამომდინარე თავი შევიკავე, თუმცა უკვე ნოემბერში ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს და პრე-კონტრაქტიც გავაფორმე. მაშინვე ვიცოდი, რომ გუნდში 2023 წლამდე დავრჩებოდი და ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ახალი კონტრაქტი ოფიციალურად გავაფორმე.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ვიყავი და ბევრ კლუბს არ სჯეროდა, რომ სათანადო დონეზე დავბრუნდებოდი და ამის გამო ბევრმა კლუბმა უარი მითხრა, მათ ნდობა გამომიცხადეს, ძალიან კარგად მიმიღეს და ახალ შეთავაზებაზე ბევრი აღარც მიფიქრია“.

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ბაიონი“ 44 ქულით მე-12 ადგილზეა და 3-ით უსწრებს გადათამაშების ზონაში მყოფ „პოს“.

rugby.ge

დატოვე კომენტარი