კოტე კემულარია - ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან არის პოლიტიკური პატიმარი
კოტე კემულარია - ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან არის პოლიტიკური პატიმარი

ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვიბრძოლებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დამთავრდეს მალე, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც, ეტყობა, ვერ არის უკვე დალაგებულ ჭკუაზე იმ მოვლენების გამო, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, გასცა ბრძანება, დაეჭირათ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გასაოცარი ფორმით, ქუჩაში დააკავეს, ჩაატარეს რაღაც სადამსჯელო სპეცოპერაცია. ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იმ ოპოზიციური პარტიის, რომელიც კრეფდა ქულებს, ეტყობა, ნერვებს უშლიდათ. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ის სისხლი, რაც თქვენ და თქვენს გუნდს გაცხიათ ხელებზე, ვერ ჩამოირეცხება ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერით“, – აღნიშნა კოტე კემულარიამ.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მოჰყვება მსოფლიოს წამყვანი პრესის თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების ძალიან მწვავე რეაქცია.

„ჩვენ უკვე ძალიან დიდი გაერთიანება ვართ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მობილიზებული, ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან. მოვუწოდებთ მათ, დავდგეთ ერთად, რადგან აგონიაში მყოფი ხელისუფლება, ეს სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ვეღარ იკავებს ლარს, რომელსაც ფაქტიურად მთელი მოსახლეობა ჰყავს დაპირისპირებული, ცდილობს, რეპრესიებით, პოლიტიკური პატიმრებით, ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან არის პოლიტიკური პატიმარი. ადამიანი, რომელიც თანამშრომლობდა ყველასთან, რომელიც საჯარო ფიგურა იყო, რომელიც მივიდა სასამართლოში, რომელიც აბსოლუტურად უკავშირდებოდა და პასუხობდა ყველა კომუნიკაციას, რომელიც მასთან ჰქონდათ საგამოძიებო უწყებებს, დღეს დააკავეს ასეთი ფორმით. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მხოლოდ გვაძლიერებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას გახდის უფრო მობილურს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვიბრძოლებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დამთავრდეს მალე. ის ძალიან საშიშია, ის დაჭრილია, სისხლში აქვს ხელები, ეკონომიკურად ვერ აკეთებს ვერაფერს, ვერ უვლის სახელმწიფოს და არის სახიფათო. მივმართავ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში ეს სახიფათო სიტუაცია დასრულდეს, რომ ხალხის მეშვეობით, არჩევნების მეშვეობით, ეს ადამიანი ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ჩვენმა სახელმწიფომ ამოისუნთქოს და გახდეს ჩვეულებრივი სახელმწიფო“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.